როდესაც სამსახურს ეძებ, ერთი რჩევა, რომელსაც ხშირად მოისმენ ის არის, რომ დამქირავებლები გულწრფელ ხალხს ეძებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რჩევა აბსოლუტურად მართალია, მაინც არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც სამსახურის მაძიებლებმა გასაუბრების ეტაპზე არ უნდა გაამჟღავნონ.
ცალკეული საკითხების ხსენება გასაუბრების დროს ნებისმიერ დამსაქმებელს გაუქრობს თქვენი სამსახურში აყვანის სურვილს, მიუხედავად იმისა, რაოდენ კარგი განზრახვაც არ უნდა გქონდეთ ამ საკითხებზე საუბრისას. მაშინაც კი, თუკი პოტენციური დამსაქმებელი მოხიბლულია თქვენი სამუშაო გამოცდილებით, ქვემოთ ჩამოთვლილის თქმის ან გაკეთების შემთხვევაში, ხელმეორედ დაფიქრდება რამდენად შეესაბამება თქვენი კანდიდატურა მათ ორგანიზაციას.
ამიტომ, სამსახურის მაძიებლების დასახმარებლად, ფორბსის მწვრთნელთა საბჭოს 11 წევრმა იმსჯელეს იმაზე, თუ რის თქმას უნდა მოერიდო გასაუბრების დროს, თუკი გსურს კონკრეტული პოზიციის დაკავება.
-
საკუთარ თავზე უარყოფითად საუბარი
როდესაც გასაუბრებისთვის სამზადისში მყოფ სამსახურის მაძიებლებს ვეხმარები, ყოველთვის ვეუბნები, რომ მოერიდონ საკუთარ თავზე ნეგატიურად საუბარს. ეს ერთი შეხედვით მარტივ თხოვნად ჩანს, თუმცა ბევრი სამსახურის მაძიებელი ნაცვლად იმისა რომ ისაუბროს იმაზე, თუ რას შემატებს კომპანიას, იმაზე ამახვილებს ყურადღებას, თუ რა არ შეუძლია რომ გააკეთოს. არასდროს შეეხო ისეთ საკითხებს, რომელიც შენთვის გამოწვევა შეიძლება აღმოჩნდეს. ყოველთვის შეეცადე ისე ჩამოაყალიბო პასუხი, რომ პოზიტიურ და დამაჯერებელ განწყობას ასხივებდე - დომენიკ ლოუ .
-
ყოფილი დამსაქმებლის კრიტიკა
არ გალანძღო შენი ყოფილი დამსაქმებელი. ყოველთვის მოერიდე წინა სამსახურზე ან დამსაქმებელზე უარყოფით კონტექსტში საუბარს. ეს ხაზს გაუსვამს შენს უნარს შეინარჩუნო პოზიტიური და პროფესიონალური მიდგომა, მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა. თუ ღიად დაიწყებ წინა სამსახურის ან დამსაქმებლის გაკრიტიკებას, ინტერვიუერმა შეიძლება იფიქროს, “რას იტყვის ეს ადამიანი ჩვენი ორგანიზაციიდან წასვლის შემდეგ?”. დარჩი ყოველთვის პროფესიონალი და პოზიტიური! - კევინ კანი .
-
აღტაცების არ შემჩნევა
ის, რაც არცერთი ინტერვიუს დროს არ უნდა “თქვა”, არის ის რომ შემოთავაზებული პოზიცია შენში აღტაცებას არ იწვევს. ამაში შენს სიტყვებს და წინადადებებს არ ვგულისხმობ, მე უფრო შენს ტონზე, ხმასა და სხეულის ენაზე მაქვს აქცენტი. სამსახურის მაძიებლები ხშირად ამბობენ ერთ რამეს, თუმცა მათი სხეულის ენა და ტონი სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. იმის თქმა რომ აღტაცებული ხარ ამ შესაძლებლობით, თუკი ამას ზერელედ იძახი, არ იღიმი ან არ ცდილობ თვალით კონტაქტის დამყარებას, შეამცირებს შენს მიმართ ნდობას და კეთილგანწყობას - ვერედ კოგანი .
-
ანაზღაურებაზე საუბრის წამოწყება
თუ გუსრს რომ შენთან გასაუბრება ნაადრევად დასრულდეს, მაშინ პირველმა წამოიწყე საუბარი ანაღაურებაზე. გასაუბრება დელიკატურ ცეკვას ჰგავს და როგორც წესი, უმჯობესია თუკი ამ საკითხს თავად დამსაქმებელი წამოწევს. რამდენიმე გასაუბრება მინახავს, სადაც სამსახურის მაძიებლებმა ამ თემის წამოწევის მიუხედავად მაინც მოახერხეს წარმატების მიღწევა, მაგრამ ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი - სკოტ სინგერი .
-
უკუკავშირის თხოვნა გასაუბრების ბოლოს
გასაუბრების დასასრულს, არასდროს დაუსვათ ინტერვიუერს ისეთი შეკითხვა, როგორიც არის: “ჩემთან გასაუბრების საფუძველზე, არის რაიმე, რაც თქვენში ეჭვს იწვევს ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით?” მაშინ როდესაც უკუკავშირის თხოვნა მყარი პრაქტიკაა, გასაუბრების დროს ამის გაკეთება შესაძლოა უადგილო და შეუსაბამო იყოს. როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუკი უკუკავშირის დაბრუნება მოუწევს ან ისეთი კითხვები დარჩათ, რომელთა გაჟღერებაც ამ ეტაპზე არ სურთ? Მოკლედ, უბრალოდ ნუ გააკეთებ ამას - კიმბერ ჯენსონი .
-
პირადი საკითხების განხილვა
სამსახურის მაძიებელი კარგად უნდა დაუკვირდეს ყველაფერს, რის თქმასაც გასაუბრებაზე აპირებს. ინტერვიუერები ცდილობენ შეაფასონ რამდენად კარგად შეგიძლია დავალების შესრულება, სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობა, განსაკუთრებით მრავალფეროვან ჯგუფში და რას შეძენ ორგანიზაციას. ერთი რამ, რასაც სამსახურის მაძიებლებს ვურჩევდი, არასოდეს გაეკეთებინა გასაუბრების დროს, არის ისეთი პირადი საკითხების განხილვა, როგორიცაა მატერიალური მდგომარეობა, ოჯახი ან ბავშვები - დებრა ანნ მეთიუსი .
-
კითხვის დასმა იმის შესახებ, თუ რატომ გახდა პოზიცია ვაკანტური
ნამდვილად არავის ვურჩევდი ამ კითხვის შემდეგი ფორმით დასმას: “რატომ დატოვა ეს თანამდებობა წინამორბედმა?” ასეთი კითხვის დასმით უხერხულობას შეუქმნი მათ, ვისაც საკუთარი ნებით არ გაუმჟღავნებია შენთან ეს ინფორმაცია, რაც არაკომფორტული შეიძლება იყოს. ამიტომ, ნუ ჩააყენებ ადამიანებს ამ მდგომარეობაში. თუ მაინც გინდა იმის გაგება, თუ რატომ წავიდა შენი წინამორბედი სამსახურიდან, მაშინ შეგიძლია რაიმე მსგავსი იკითხო “რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამ თანამდებობას, თუკი დაკისრებულ სამუშაოს კარგად შევასრულებ?” - ჯონ მ. ო’კონორი .
-
იმის აღიარება რომ კომპანიის შესახებ ინფორმაცია არ მოგიძიებია
“დრო არ მქონდა, რომ თქვენი კომპანიის შესახებ მეტი გამეგო.” ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი იმ ფრაზებს შორის, რომელიც ნებისმიერ პოტენციურ დამსაქმებელს შენი დასაქმების სურვილს გაუქრობს. გასაუბრებამდე გამონახე დრო, რათა მოიძიო ინფორმაცია კომპანიაზე, თანამდებობაზე და ადამიანზე, რომელიც ამ ვაკანსიაზე გაგესაუბრება და გამოიყენე ეს ყველაფერი გასაუბრებისთვის მოსამზადებლად. ასეთი დამოკიდებულება პოტენციური როლის მიმართ შენს ინტერესს უსვამს ხაზს - შეფალი რაინა .
-
მოქნილი სამუშაო გრაფიკის განხილვა
ერთი რეკომენდაცია, რომელსაც ყოველთვის ვთავაზობ ჩემს კლიენტებს, რომლებიც გასაუბრებს ატარებენ, არის ის რომ არ განიხილონ მოქნილი სამუშაო გრაფიკის შესაძლებლობა ინტერვიუს დროს, თუ რა თქმა უნდა, სტანდარტული სამუშაო რიტმიდან ექსტრაორდინალურ გადახვევასთან არ გვაქვს საქმე. გასაუბრებები იმისთვისაა, რომ თანამშრომლობის ფორმა განისაზღვროს. იმაზე საუბარი, თუ როგორ გჭირდებათ ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 16:00 საათზე სამსახურიდან გასვლა, უმჯობესია შემოთავაზების განხილვის დროისთვის შემოინახოთ - ჩერილ ჩეხი .
-
იმის მტკიცება, რომ შეცდომა არასოდეს დაგიშვია
ყველანაირი გაგებით, მოერიდე ისეთი რამის თქმას, როგორიც არის “წარუმატებლობა არასოდეს განმიცდია, ან შეცდომა არასოდეს დამიშვია”. არავინაა უშეცდომო და არავინ მოელის უწყვეტ წარმატებას ან ჩავარდნის გარეშე მუშაობას. იმ რწმენის ქონა, რომ ვიღაც იდეალურია ან იმის ინდიკატორია, რომ ამ ადამიანს არ გააჩნია პირადი დანაშაულების დანახვა, პასუხისმგებლობის აღება და შედეგებთან გამკლავება (და ამდენად ზრდის უნარის არქონაზე მეტყველებს), ან იმაზე მიუთითებს რომ ეს ადამიანი პასუხისმგებლობას ყოველთვის სხვას აკისრებს და ამდენად ცუდი გუნდური მოთამაშე იქნება - გოვრი რამანი .
-
აგრესიული ამბიციის ქონა
ყველაზე ტოქსიკური წარმოდგენები, რაც კი მსმენია, არის კითხვაზე - “სად ხედავ შენს თავს ხუთი წლის შემდეგ”, გაცემული ისეთი პასუხები, როგორიც არის - “შენს ადგილას” ან კიდევ უფრო უარესი - “შენი ბოსის ადგილას”. სრულიად ნორმალურია ამბიციის ჩვენება, შენი პასუხი ბიზნესის პოტენციალის გააზრების და შენი უნარების ხაზგასმის პარალელურად, უნდა გამოხატავდეს ზრდისა და განვითარების სურვილს - მერი პეტრი .
